5 ივნისი 2018

აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

  • აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
  • სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

განცხადების ფორმა, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის №725 ბრძანებით, აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს შეუძლია მიიღოს სამინისტროში ან ამობეჭდონ განცხადების ფორმა

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: 

  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; (საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარებისათან დაკავშირებით იხილეთ ვებ გვერდი www.eqe.ge, მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, (995 32 2 36 57 92) ელ.ფოსტა – info@eqe.ge)
  • სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აბიტურიენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).