სტუდენტი   უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტის ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

  1. სტუდენტი   ვალდებულია:

ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ის საგანი, რომელიც აირჩია და რომელთა სწავლაც სავალდებულოა;

ბ) განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, დებულებებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;

გ) განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტთან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;

დ) განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის   კოდექსის პრინციპები და მოთხოვნები;

ე)  დაიცვას და გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას, მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს;

ვ) დაიცვას ეკოლოგიურ-სანიტარული, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვა ზოგადი ნორმები.